საქართველოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების განვითარებისა და მხარდაჭერის ასოციაციის ძალისხმევითა და მხარდაჭერით, მიკროსაფინანსო საერთაშორისო ცენტრი Microfinance Center – MFC ( www.mfc.org.pl ) თავისი მე–15 ყოველწლიური კონფერენცია 2012 წლის 29–30 მაისს ჩაატარა თბილისში.

MFC აერთიანებს მიკროსაფინანსო სექტორის განვითარებით დაინტერესებულ 105 მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და ბანკს ევროპისა და ცენტრალური აზიიდან, აგრეთვე ინვესტორებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მთელი მსოფლიოდან.

MFC-ს კონფერენცია ყოველწლიურად ტარდება სხვადასხვა ქვეყანაში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციებისა და წამყვანი საერთაშორისო ფონდების მხარდაჭერით.

2012 წლის ღონისძიება, რომელიც ქალაქ თბილისში ჩატარდა დაფინანსდა EFCE, BlueOrchard, responsAbility, incofin, symbiotics, Triodos Investment management, Triple Jump, Business & Finance Consulting და სხვა ორგანიზაციების მიერ. კონფერენციაში მსოფლიოს 470 მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, ბანკების, ინვესტორების, კერძო სექტორისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

2012 წლის კონფერენციის ქალაქ თბილისში ჩატარების ორგანიზებაში MFC-ს დაეხმარა საქართველოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების განვითარებისა და მხარდაჭერის ასოციაცია და “ბანკი კონსტანტა”. აღნიშნული კონფერენციის მიზანი სექტორის წარმომადგენლების შეკრება და მიღებული საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება იყო. კონფერენციას დაესწრო ამ დარგის ექსპერტები, საერთაშორისო საინვესტიციო ფონდების, მიკროსაფინანსო და საბანკო სექტორის წარმომადგენლები. კონფერენციაზე განხილული იყო, როგორც სექტორის განვითარების ტენდეციები, აგრეთვე მოეწყო პრაქტიკული სამუშაო სესიები სექტორის პრაქტიკოსებისა და ექსპერტების მონაწილეობით.

ჩვენი ასოციაციის თხოვნით კონფერენციის ერთ-ერთი სესია (სემინარი) მიეძღვნა საქართველოში მიკროსაფინანსო სექტორის მდგომარეობას –”მიკროდაფინანსება საქართველოში: სექტორის მდგომარეობა, შესაძლებლობები და პრობლემები”.

ასეთი მაღალი დონის კონფერენციის ჩატარება თბილისში მნიშვნელოვანი მოვლენაა და დიდ როლს შეასრულებს ქვეყანაში მიკროსაფინანსო სექტორის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების საქმეში. კონფერენციის მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა გაეცნოთ მიკროსაფინანსო სექტორში მოღვაწე მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციების და სპეციალისტების გამოცდილება, უშუალოდ შეხვედროდნენ და დაემყარებინათ საქმიანი კონტაქტები საერთაშორისო საინვესტიციო ფონდების წარმომადგენლებთან.

MFC-ის უმაღლეს ორგანოში ამ ცენტრის არსებობის მანძილზე საქართველოდან პირველად საბჭოს წევრად (5 წლით) აირჩიეს ჩვენი ასოციაციის გამგეობის თავჯდომარე, “მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ალიანს ჯგუფის” დირექტორი ბატონი აიეტ კუკავა.